|
რა არის მინდობით აღზრდა მინდობით აღზრდა ანუ ბავშვის შვილობილად აყვანა სახელმწიფოსა და მიმღებ ოჯახს შორის დადებული ხელშეკრულების საფუძველზე მიმღბი ოჯახის მიერ შვილობილის მოვლას და აღზრდას გულისხმობს. მინდობით აღზრდა მიუსაფარი და მზრუნველობამოკლებული ბავშვის ოჯახურ გარემოში აღზრდის უპირატესი უფლების რეალიზების საშუალებას იძლევა, რაც ხელს უწყობს ბავშვის პიროვნების ჩამოყალიბებას, მის სოციალიზაციას და ადაპტაციას საზოგადოებაში. როგორი ბავშვი ექვემდებარება მინდობით აღზრდას
ბავშვი მინდობით აღზრდას ექვემდებარება იმ შემთხვევაში თუ: · ბავშვის დატოვება მშობელთან (მშობლებთან) ან მეურვესთან/მზრუნველთან მისგან დამოუკიდებელი მიზეზებით ბავშვისთვის საზიანოა და მეურვე/მზრუნველი ამის თაობაზე მიმართავს მეურვეობისა და მზრუნველობის ორგანოს; · მშობლის (მშობლების) უფლება, გადაწყვიტოს (გადაწყვიტონ), ვისთან იცხოვროს ბავშვმა, შეზღუდულია და ბავშვი უნდა განთავსდეს თავისი ოჯახის გარეთ; · მშობელს (მშობლებს) ჩამოერთვა (ჩამოერთვათ) ან შეეზღუდა (შეეზღუდათ) მშობლის უფლებები და მოვალეობები და ბავშვი უნდა განთავსდეს თავისი ოჯახის გარეთ. ვინ შეიძლება გახდეს მიმღები მშობელი მიმღები მშობელი შეიძლება გახდეს საქართველოს მოქალაქე, მოქალაქეობის არმქონე პირი ან საქართველოში მუდმივად მცხოვრები უცხო ქვეყნის მოქალაქე. მიმღბი მშობელი შეიძლება იყოს სრულწლოვანი პირი, მათ შორის ბავშვის ნათესავი. დედობილი ან მამობილი არ შეიძლება გახდეს: - პირი, რომელიც სასამართლომ ცნო ქმედუუნაროდ ან შეზღუდულქმედუნარიანად;
- პირი, რომელსაც შეზღუდული, შეჩერებული ან ჩამორთმეული აქვს მშობლის ან მეურვის/მზრუნველის უფლებები და მოვალეობები;
- პირი, რომელსაც ჯანმრთელობის მდგომარეობის გამო არ შეუძლია ბავშვის აღზრდა;
- პირი, რომელიც ან რომლის ოჯახის წევრიც სასამართლოს მიერ მსჯავრდებულია მძიმე ან განსაკუთრებით მძიმე დანაშაულისთვის, აგრეთვე პირი, რომელსაც ან რომლის ოჯახის წევრსაც ნასამართლობა არა აქვს მოხსნილი ან გაქარწყლებული საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით;
- ბავშვის მშობელი, მშვილებლი, აგრეთვე მეურვე და მზრუნველი, რომლებსაც აკისრიათ ბავშვის რჩენის ვალდებულება;
- პირი, რომელსაც საქართველოს კანონმდებლობითა და სახელმწიფოსა და მიმღებ ოჯახს შორის დადებული ხელშეკრულებით დაკისრებული მოვალეობების შეუსრულებლობის გამო ჩამოერთვა შვილობილი.
რა სოციალური შეღავათებით და დახმარებებით სარგებლობენ მიმღები მშობლები შვილობილზე ზრუნვისთვის დედობილი/მამობილი იღებს საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად დადგენილ შვილობილად აყვანის (მინდობით აღზრდის) ანაზღაურებას, რომელიც განისაზღვრება შვილობილის ჯანმრთელობის მდგომარეობის გათვალისწინებით: 200 ლარი - ჯანმრთელი ბავშვი; 300 ლარი - შეზღუდული შესაძლებლობის მქონე ბავშვი (შშმპ). მინდობით აღზრდის ხელშეკრულების გაფორმების შემდეგ, მიმღები მშობლები თავისუფლდებიან საშემოსავლო გადასახადით დაბეგვრისაგან იმ შემთხვევაში თუ მისი შემოსავალი არ გადააჭარბებს 6 000 ლარს წლის განმავლობაში. გარდა ამისა მიმღებ მშობელს საქმიანობა ბავშვის მოვლისათვის ეთვლება შრომის სტაჟში. როგორ შეიძლება გავხდეთ მიმღები მშობელი მიმღები მშობლის რეგისტრაცია
ბავშვის მინდობით აღზრდის მსურველ პირად (დეობილად/მამობილად) რაგისტრაციითვის საჭიროა "დედობილად/მამობილად რეგისტრაციის მსურველ პირთა განცხადების ფორმის" შევსება და წარდგენა სოციალური მომსახურების სააგენტოს ტერიტორიულ ორგანოში რეგისტრაციის ან ფაქტობრივი საცხოვრებელი ადგილის მიხედვით. განაცხადის ფორმას თან უნდა ერთვოდეს განმცხადებლის პირადობის დამადასტურებელი მოწმობის ასლი. მიმღები მშობლის სტატუსის მინიჭება ბავშვის შვილობილად აყვანის მსურველის განცხადების მიღბის შემდეგ სააგენტოს სოციალური მუშაკი ახორციელებს განმცხადებლის ოჯახის სრულად შესწავლას და სოციალური მომსახურების სააგენტოს ტერიტორიულ ორგანოს წარუდგენს თავის დასკვნას. სააგენტოს ტერიტორიული ორგანო განხილვას წარმოდგენილ მასალას და წყვეტს კანდიდატისთვის მიმღები მშობლის სტატუსის მინიჭების საკითხს. მიმღები მშობლისთვის ბავშვის შეთავაზება
მიმღები მშობლის სტატუსის მინიჭების შემდეგ სააგენტოს ტერიტორიული ორგანო ოჯახისთვის შეარჩევს ბავშვს საინფორმაციო ბანკიდან. მინდობით აღსაზრდელი ბავშვის შეთავაზება ხდება მიმღები ოჯახის (დედობილის/მამობილის) სტატუსის მქონე მშვილებელ კანდიდატთა რეესტრში არსებული რიგითობის, გასაშვილებელი ბავშვის ინტერესებისა და ბავშვის შესახებ, დედობილ/მამობილის განცხადებაში მითითებული მონაცემების მოთხოვნათა შესაბამისად. შერჩევის შემდეგ მიმღებ მშობელს სოციალური მუშაკის თანხლებით აქვს უფლება მოინახულოს ბავშვი. მიმღებ ოჯახს ასევე უფლება აქვს გაეცნოს ბავშვის შეფასებას და მიიღოს მეურვეობისა და მზრუნველობის ორგანოში ბავშვის შესახებ არსებული ნებისმიერი მისთვის საინტერესო ინფორმაცია. სოციალური მომსახურების სააგენტოს ტერიტორიული ერთეულების მიერ შეთავაზებულ ბავშვზე მიმღები ოჯახის თანხმობისას დედობილი/მამობილი ვალდებულია წარმოადგინოს შემდეგი დოკუმენტები: - პირადობის დამადასტურებელი საბუთი (მოქალაქის პირადობის მოწმობა, პასპორტი ან ბინადრობის მოწმობა) და მისი ასლი;
- ცნობა ნასამართლეობის შესახებ;
- ცნობა ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ (ფორმაNIV-100/ა);
•· ცნობა სამედიცინო-ნარკოლოგიური შემოწმების შესახებ; - სხვა (სააგენტოს ტერიტორიული ერთეულების მოთხოვნის საფუძველზე).
მიმღები ოჯახის და შეთავაზებული ბავშვის თავსებადობის დადგენა ბავშვის მინდობით აღსაზრდელად გადაცემის დროს უნდა დადგინდეს ბავშვისა და მიმღბი ოჯახის თავსებადობა. აღნიშნულის დადგენა ხდება სოციალური მუშაკის მიერ მომზადებული ბავშვისა და მიმღები ოჯახის შეფასებებისა და დასკვნების საფუძველზე. თავსებადობის დადგენისას გათვალისწინებული უნდა იყოს შემდეგი კრიტერიუმები: - ასაკობრივი სხვაობა დედობილ/მამობილსა და ბავშვს შორის არანაკლებ 15 წელი;
- ბავშვის მოსაზრება, თუ მან მიაღწია 10 წლის ასაკს;
- საჭიროების შემთხვევაში დედობილ/მამობილისა და ბავშვის ეთნიკური და რელიგიური წარმომავლობა;
- სხვა კრიტერიუმები, რომელსაც სოციალური მუშაკი საჭიროდ ჩათვლის თავსებადობის განსაზღვრისას.
მიმღებ ოჯახში ბავშვის განთავსებაზე საბოლოო გადაწყვეტილებას იღებს სოციალური მომსახურების სააგენტოს სათათბირო ორგანო - მეურვეობისა და მზრუნველობის ორგანოს რეგიონული საბჭო. დადებითი გადაწყვეტილების მიღების შემთხვევაში სააგენტო ამის შესახებ წერილობით აცნობებს მიმღებებ მშობელს. ამის შემდეგ ფორმდება მინდობით აღზრდის ხელშეკრულება. შრომითი ხელშეკრულება ბავშვის შვილობილად აყვანის შესახებ შრომითი ხელშეკრულება შეიძლება დაიდოს ნებისმიერი ვადით, შვილობილის მიერ სრულწლოვანების მიღწევამდე. შრომითი ხელშეკრულება უნდა მოიცავდეს: - ბავშვზე ზრუნვისა და მისი აღზრდის პირობებს;
- დედობილის/მამობილის უფლებებსა და მოვალეობებს;
- მეურვეობისა და მზრუნველობის ორგანოს უფლებებსა და მოვალეობებს;
- შვილობილის უფლებებსა და მოვალეობებს;
- მხარეთა პასუხისმგებლობას;
- ხელშეკრულების შეწყვეტის პირობებს.
შრომით ხელშეკრულებაში ცვლილებებისა და დამატებების შეტანა შეიძლება მხარეთა შეთანხმების საფუძველზე. |